მინისტრის მიმართვა

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას შევუწყოთ ხელი. 2013 წლიდან, მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და კერძო სექტორის ჩართულობით აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს მივაღწიეთ.
მოგეხსენებათ, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში 2015-2020 წლები მკაფიოდაა განსაზღვრული საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, რაც, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში  აგრარული დარგის განვითარებისთვის ყველა პროექტი და ხელშემწყობი ღონისძიებები სწორედ ამ ხედვის გათვალისწინებით იგეგმება და ხორციელდება.
იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც 2015  წელს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის წინაშე დადგა, გასული წელი იყო რთული, თუმცა წარმატებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ახალი გამოწვევების მნიშვნელოვანი წილი სწორედ აგრარულ სექტორზე მოდის.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ (DCFTA) ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის რეალური პერსპექტივა შექმნა.
DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის გაიხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩვენს ქვეყანაში ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა განვითარდეს  და  საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს.
დასახული მიზნების მისაღწევად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა.
უკვე წყალუზრუნველყოფილია 100 ათას ჰა-ზე მეტი და დამშრალია 28 000 ჰა -ზე მეტი ფართობი, რაც  მნიშვნელოვანი წინსვლაა მელიორაციის დარგისთვის. 
წარმატებულად ხორციელდება სოფლის მეურნეობის კოოპერაციის ხელშეწყობა. საქართველოში უკვე შექმნილია  1200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. დაწყებულია   თხილის დარგის, მეფუტკრეობის  და  ქართული ჩაის განვითარების ხელშემწყობი პროექტები.  
მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, ვენახების კადასტრის პროგრამა და ბაზრების დივერსიფიკაცია. ბოლო წლებში რთველის  ჩატარების ახალმა მიდგომებმა კი დარგის განვითრების სტიმულირება განაპირობა.  
სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა სურსათის უვნებლობა.  ამ კუთხით  როგორც სურსათის უვნებლობის, ასევე მცენარეთა დაცვის და   ვეტერინარიის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა და შედეგებია მიღწეული.  ისევე როგორც ლაბორატორიული კვლევებისა და დიაგნოსტიკის მიმართულებითაც. მიმდინარე წელს გაიხსნა  საერთაშორისო სტანდარტის ფიტოსანიტარიული ლაბორატორია, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს  პოზიციები საერთაშორისო  ბაზრებზე ვაჭრობის მიმართულებით. 
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ეფექტიანი ფუნქციონირება, რაც ხელს უწყობს  სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას, მოსავლიანობის ზრდასა და არსებული პრობლემების მეცნიერულ დონეზე გაანალიზებასა და გადაჭრას.  
წარმატებით მიმდინარეობს ისეთი პროექტები, როგორებიცაა: ,,დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში განაცხადები 700 ჰა-ზე მეტი ფართობის ბაღების გაშენებაზე   დაკმაყოფილებული და   მათი დიდი ნაწილი უკვე დაფინანსებულია; „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროგრამა“, რომელმაც სოფლის მოსახლეობისთვის გააჩინა დამატებითი სტიმული დაბრუნებოდნენ  მიწათმოქმედებას; აგროდაკრედიტების საერთო მოცულობა დღეისათვის უკვე 1 მლრდ ლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი შედეგებია აგროდაზღვევის მიმართულებითაც - 2015 წლის ბოლოსთვის 192 მლნ ლარამდე ღირებულების  რისკია დაზღვეული. დღეისათვის  გახსნილია 139 ახალი საწარმო, გაფართოებული და  გადაიარაღებულია 665. ახალი საწარმოების ფარგლებში 3500-მდე სამუშაო ადგილი  შეიქმნა,  ხოლო არსებულ გაფართოებულ  საწარმოებში ეს რიცხვი 10 ათასს აღწევს. 
ყოველივე ზემოაღნიშნული ხელშესახები დასტურია აგრარულ დარგში სახელმწიფოს ხელშეწყობით მიღწეული წინსვლის და განვითარების მიმართულებით მიღებული პოზიტიური შედეგების.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარული დარგის ხელშემწყობი ახალი პროექტებითა და გეგმებით ხვდება. დარგის განვითრებისთვის ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები სრულად უნდა გამოვიყენოთ.