ციტრუსის რეალიზაციის სტატისტიკა

mandarinicitrusi
15.01.2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია  25,445  ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 8505 ტონა.

სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 718 773 ლარზე მეტს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 844 179 ლარზე მეტია.

ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ქედაში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“,   ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,, გსქ კულა“.

საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას იღებენ.

ამ ეტაპზე გაცემული სუბსიდიის თანხა შეადგენს 399 718 ლარს. სუბსიდია გაცემულია ყველა იმ ქარხანაზე, რომლებსაც წარმოდგენილი აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია.

სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი -78.27%, 19917ტ, უკრაინა - 14.75%, 3753ტ, სომხეთი - 3.06%, 778ტ, აზერბაიჯანი - 0.92%, 234 ტ, ყაზახეთი - 1.76%, 447ტ, ბელორუსია - 0.95 % 242ტ, სხვა ქვეყნები - 0.29 % 74ტ.

2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 2 47 01 01 და ოფიციალური ვებგვერდი www.apma.ge