ოთარ დანელიამ ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

shexvedragermanelministrtan
16.01.2016

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება.  ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას  "მწვანე კვირეული 2016" (Gruene Woche 2016) დაესწრნენ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართულ  სტენდზე ევროპელ კოლეგებს უმასპინძლა. სტუმრებმა საქართველოს სტენდი დაათვალიერეს და ქართული პროდუქცია დააგემოვნეს. გამოფენის ფარგლებში,  ოთარ დანელიამ  ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანიის, ავსტრიის, მოლდოვას, ლატვიისა და ესტონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან.  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, კრისტოფერ შმიდტთან და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრთან, გერდ მიულერთან  გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ევროკაშირის შესაბამისი სტანდარტების დანერგვის შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე რეალიზების საშუალება ექნებათ.  სტანდარტების დანერგვის  მიმართულებით კი, გერმანიის მხარდაჭერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კრისტოფერ შმიდტმა უახლოეს მომავალში  საქართველოში ვიზიტის განხორციელების სურვილი გამოთქვა. როგორც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა  შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანია-საქართველოს შორის  თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. მისი თქმით, ქართულ პროდუქციას  ევროპის ბაზარზე რეალიზების დიდი პოტენციალი გააჩნია. შეხვედრას გერმანიის ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი რუგვიდ იოაკიმი და ბერლინის საგამოფენო ცენტრის „მესე ბერლინის“ დირექტორი კრისტიან გიოკე ესწრებონენ.

გამოფენის ფარგლებში,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრს,  ანდრე რუპრეხტერს შეხვდა. შეხვედრაზე   ოთარ დანელიამ და ანდრე რუპრეხტერმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კუთხით ავსტრიის გამოცდილებაზე ისაუბრეს. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნების სამინისტრო მზად არის გაიზიაროს გამოცდილება და განახორციელოს პროექტები, რომელიც ავსტრიამ   სოფლის და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კუთხით განახორციელა. ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ანდრე რუპრეხტერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  2016 წლის ივნისში საქართველოს ეწვევა, ადგილზე გაეცნობა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალს და  თანამშრომლობის  სხვა შესაძლო მიმართულებებსაც განიხილავს. 

ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის Gruene Woche 2016-ს ფარგლებში,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  საქართველოს სტენდზე ლატვიის  სოფლის მეურნეობის მინისტრს, იანის დუკლავსს   და ესტონეთის სოფლის საქმეთა მინისტრს, ურმას კრუუსესს უმასპინძლა და შეხვედრა გამართა.  შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ აკვაკულტურის და მეცხოველეობის დარგში,  ასევე  რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაში ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით ლატვიისა და ესტონეთის  გამოცდილების გაზიარების საკითხებზე. 

ლატვიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აკვაკულტურის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით ქართველ სპეციალისტებს უმასპინძლოს და ქართული რეალობისთვის ადაპტირებული საჭირო პრაქტიკა გააცნოს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გასუვეს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას,  ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და მცირე ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის აუცილებლობას. ოთარ დანელიამ ლატვიელ კოლეგას საქართველოში კოოპერატივების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მცირე ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით. 

შეხვედრაზე ესტონეთის სოფლის საქმეთა მინისტრმა, ურმას კრუუსესმა აღნიშნა, რომ ესტონეთი საქართველოსთან თანამსრომლობას აქტიურად გააგრძელებს.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ  მესაქონლეობაში სანაშენე საქმიანობისა და მერძევეობის განვითარების მიმართულებით განხორცილდება ერთობლივი პროექტები, რომლებსაც ესტონური მხარე დააფინანსებს.

ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრს,  იონ სულას  შეხვდა. გამოფენაზე Gruene Woche 2016 გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის  შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების   შესრულების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე  ინფორმაცია გაცვალეს. 

მოლდოვურმა მხარემ ინტერესი გამოთქვა საქართველოში წარმოებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოლდოვაში დამონტაჟების თაობაზე.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის  ამ კუთხით საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა  მოლდოვურ მხარეს გაუზიაროს. შეხვედრაზე  მხარეებმა  ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობასა და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვის, ასევე   დარგში სწორი პოლიტიკის გატარების  და მცირე ფერმერების მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს.  

ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

Gruene Woche 2016  სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში  65 ქვეყნის  1600-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 400 000-ს აღემატება და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.