გამოფენის ,,მწვანე კვირეულის\" ფარგლებში ოთარ დანელიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა

16.01.2016

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას  "მწვანე კვირეული 2016" (Gruene Woche 2016) ესწრება. გამოფენის ფარგლებში, ოთარ დანელიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა  ევროპელ კოლეგებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აღმასრულებელ დირექტორს, კრისტოფ ბაიერის შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, GIZ-ი  მრავალი წელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს და არაერთი ერთობლივი პროექტიც უკვე განხორციელდა. მხარეებმა განიხილეს ის მიმართულებები, რომელშიც აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობა და მხარდაჭერა ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  აღმასრულებელმა დირექტორმა  აღნიშნა, რომ  GIZ-ი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და  ახალ  პროეტებს კვლავ  განახორციელებს.

"მწვანე კვირეული 2016"-ის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ  დანელიამ  საქართველოს სტენდზე    სოფლის მეურნეობის ტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების CLAAS-ის  და JOHN DEERE-ის ხელძღვანელებს უმასპინძლა. სტუმრებმა ქართული პროდუქცია დააგემოვნეს და ოთარ დანელიას კომპანიების სამომავლო გეგმები გააცნეს. როგორც   CLAAS-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ნილს როიჩიმ აღნიშნა, ქართულ მხარესთან  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სალიზინგო კომპონენტის განვითარება  და ამისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზების ხელშეწყობა განიხილება. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ   ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ეს, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მინისტრის განცხადებით,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებლებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილოს. 

გამოფენის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია ესწრებოდნენ.

Gruene Woche 2016  სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში  65 ქვეყნის  1600-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 400 000-ს აღემატება და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.