ლევან დავითაშვილმა კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

ლევან დავითაშვილმა კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები
23.01.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2017" (Gruene Woche 2017) გახსნის ღონისძიებას დაესწრო და კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ლევან დავითაშვილმა გამოფენის ფარგლებში მოწყობილ ქართულ სტენდზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესტონეთის, მოლდოვის რესპუპლიკის და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრებს უმასპინძლა, ასევე შეხვედრები გამართა ლიტვის, ლატვიისა და სლოვენიის რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის მინისტრებთან. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, კრისტოფერ შმიდტთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2017 წელი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლად არის გამოცხადებული, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ამასთან, 2017 წლის ზაფხულში დაგეგმილია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი.