ლევან დავითაშვილი ესტონელ და ლატვიელ კოლეგებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ესტონელ და ლატვიელ კოლეგებს შეხვ
23.01.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის სოფლის საქმეთა მინისტრს, ტარმო ტამისს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ესტონეთი საქართველოს პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხითაც მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. ,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, როგორც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის, ასევე, კონკრეტული აგრარული დარგების და მიმართულებების განვითარებისა და სოფლის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა. შეხვედრაზე მხარეებმა მეცხოველეობისა და დაავადებათა კონტროლის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, სურსათის უვნებლობის, წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საერთაშორისო გამოფენის Gruene Woche 2017-ის ფარგლებში გაიმართა ლევან დავითაშვილის ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იანის დუკლავსთან შეხვედრაც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის და სოფლის განვითარების საკითხებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებს. შეხვედრაზე ლატვიურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს ქართველი ფერმერების ჯგუფს და ექსტენციის მიმართულებით ლატვიის გამოცდილება გაუზიაროს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერთა სწავლება და საკონსულტაციო საქმიანობის დახვეწა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნაზე დაფუძნებული ექსტენციის სერვისი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.