მინისტრმა კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

მინისტრმა კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის საკი
23.01.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2017" (Gruene Woche 2017) ღონისძიებების ფარგლებში სლოვენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სურსათის მინისტრს, დეჟან ზიდანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის განვითარების საკითხები და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს. სლოვენიის სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება მეფუტკრეობა და თაფლის წარმოებაა. 
შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მეფუტკრეობის განვითარების კუთხით სლოვენიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ საქართველოს მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების განვითარებისთვის დიდი სტიმულია. 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სლოვენიური მხარე მზად არის საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება როგორც მეფუტკრეობის დარგის, ასევე სოფლის განვითარების კუთხით. 
გამოფენის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ბრონუს მარკაუსკასთან. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მეცხოველეობის, სურსათის უვნებლობის და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და კვლევის კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებსაც.