სასუქის მწარმოებელი საწარმო ,,ჯეოფერტი"

სასუქის მწარმოებელი საწარმო ,,ჯეოფერტი"
27.01.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კასპში მაღალტექნოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ საწარმოში „ჯეოფერტი“ წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმოში, რომელიც ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებითაა აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიული, ჰუმინური, ორგანო-მინერალური სასუქები იწარმოება. „ორგანული სასუქების მწარმოებელი ახალი კომპანია „ჯეოფერტი“ სულ რამდენიმე თვეა რაც გაიხსნა და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანიაში წარმოებული ბიოლოგიური სასუქები მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება მდგრად პრინციპებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია აგრარული წარმოების გაზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, ორგანულ წარმოებას განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სასიხარულოა, რომ ეს შეიძლება ქართულ სასუქებზე, ქართულ საწარმოო საშუალებებზე დაფუძნებით მოხდეს. ამ კუთხით საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შპს „ჯეოფერტის“ კომერციული დირექტორის, დავით კუპრავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საწარმო რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს, უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რასაც პროდუქციაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნა ადასტურებს. „ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გადის გერმანიაში, თურქეთში, ყაზახეთში, ბულგარეთში. მოლაპარაკების პროცესი გვაქვს კიდევ არაერთ ქვეყანასთან. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, 1500 ტონაზე მეტი სასუქი უკვე რეალიზებულია და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა დავით კუპრავამ. საწარმოშო დღეისათვის 120 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 65 ადგილობრივია. კომბინატის სრულ საწარმოო სიმძლავრეებზე გასვლის შემდეგ დამატებით 250 სამუშაო ადგილი შეიქმნება. საწარმოში ლევან დავითაშვილთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.