მინისტრი ღვინის საწარმოში „ბოლერო და კომპანია“ იმყოფებოდა

მინისტრი ღვინის საწარმოში „ბოლერო და კომპანია“ იმყ
03.05.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გურჯაანში, ღვინის საწარმოში „ბოლერო და კომპანია“ წარმოებისა და ახალი სიმძლავრეების დამატების პროცესს გაეცნო. ღვინის სახელმწიფო საწარმოს „გრუზვინპრომი" პრივატიზაციის შემდეგ, შპს „ბოლერო და კომპანიამ“ 5 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა და მიმდინარე წელს 8 მლნ ლარის სიმძლავრეების დამატებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც სახელმწიფო საწარმოს „გრუზვინპრომი" მფლობელი გახდა, საწარმოს სრული გადაიარაღებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, გაზარდა წარმოება და, შედეგად, დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს დამატებითი სივრცეების ასათვისებლად. ასეთი მასშტაბის საწარმოების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია როგორც აგრარული დარგის, ასევე მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე, მოქმედ საწარმოო სიმძლავრეებს შეადგენს: 2500 ბოთლი/საათში წარმადობის ჩამოსასხმელი ხაზი; 25 ტონა/24 საათში წარმადობის ღვინის ბრენდის სახდელი; 200-300 ტონა/24 საათში ყურძნის მიმღები და გადამამუშავებელი ტექნოლოგია; 6000 ტონა ტევადობის სითხეების შესანახი სხვადასხვა ჭურჭელი. ასწლოვან „წითელ მარანში“ ინტენსიურად მიმდინარეობს 700 ტონამდე ტევადობის ქვევრების აღდგენა; ადმინისტრაციული შენობის 2 სართულზე 31 ტონიანი უჟანგავი ცისტერნებით ეწყობა ბუნებრივი საცავი, სადაც ჰაერის ტემპერატურა მუდმივად +15-17 გრადუსი იქნება. წარმოების მასშტაბის გაზრდამ განაპირობა არსებული ჩამოსასხმელი ხაზის მუშაობის 24 საათიან რეჟიმში გადაყვანა. აღნიშნული რეჟიმი 1 მლნ ბოთლის ჩამოსხმის შესაძლებლობას იძლევა. ექსპლუატაციაში გაშვებულია 0,5 ლიტრამდე პატარა, სხვადასხვა ბოთლში ჩამოსასხმელი იტალიური ხაზი და თიხის ჭურჭელში ჩამოსასხმელი საამქროები. როგორც საწარმოს დირექტორმა, გიორგი მჭედლიშვილმა განაცხადა, 2015 წლამდე საწარმოში „გრუზვინპრომი“ 40 ადამიანი იყო დასაქმებული, პრივატიზაციის შემდეგ კი, მათი რიცხვი 130 -მდე გაიზარდა, დაგეგმილი ახალი სიმძლავრეეების ამოქმედების შემდეგ კი, 200-ს გადააჭარბებს. 2016 წელს, რთველის დროს, საწარმომ 4000 ტონა ყურძენი ჩაიბარა, ახალი სიმძლავრეების ამოქმედებით, 2017 წელს 34 ათასი ტონა ყურძნის მიღება იგეგმება. კომპანია ექსპორტს ისეთ ქვეყნებში ახორციელებს, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ისრაელი. 2017 წლიდან ჩამონათვალს დაემატება საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ბალტიისპირეთის ქვეყნები. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ღვინის საწარმოში კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი იმყოფებოდა.