ლევან დავითაშვილი BSEC ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ლევან დავითაშვილი BSEC ქვეყნების მინისტერიალზე სიტ
18.05.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. BSEC -ის მინისტერიალის მთავარი თემა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო. ლევან დავითაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობასა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით შავი ზღვის აუზის ქვეყნების პოტენციალზე გაამახვილა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა სტამბოლის სამიტზე საერთო დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად წახალისებას, სასოფლო-სამეურნეო დარგში ბარიერების მოხსნას და თანამშრომლობას გამოცდილების გაზიარების კუთხით. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგებთან. საგამოფენო სივრცეში მოწყობილ ქართულ კუთხესთან, სადაც ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი, ლევან დავითაშვილმა თურქ კოლეგას, ფარუქ ჩელიქს უმასპინძლა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 12 ქვეყანას აერთიანებს და წელს დაარსებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს. BSEC-ის მინისტერიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა.