ლევან დავითაშვილი ამბასადორიალზე

ლევან დავითაშვილი ამბასადორიალზე
21.07.2017
წელს პირველად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების, „ამბასადორიალი 2017“ ფარგლებში, ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებმა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ახალი ინიციატივა, ე. წ. „ექსპორტის ხელშემწყობი სამკუთხედი”. კონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი პროექტები და ძირითადი მიმართულებები გააცნო. „ამბასადორიალი არის კარგი პლატფორმა, სადაც ერთმანეთს შეგვიძლია გავუზიაროთ, ერთი მხრივ, დარგის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და დაგეგმილი ღონისძიებები და, მეორე მხრივ, მივიღოთ ინფორმაცია თქვენს რწმუნებულ ქვეყანებთან თანამშრომლობის რა პოტენციალი არსებობს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა. წარმოდგენილ პრეზენტაციაში მინისტრმა იმ ხუთ ძირითად ამოცანაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინიტროს მიერ საზღვარგარეთ სამოქმედო გეგმაში გამოიკვეთა, ესენია: • საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება - ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და არსებულ ბაზრებზე პოზიციების გაუმჯობესება • ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია • საგრანტო და ტექნიკური დახმარების კომპონენტის გააქტიურება/მოძიება დასახული ამოცანების მიღწევისთვის • დიასპორებთან ურთიერთობისას დარგის პრიორიტეტების და მიმდინარე პოლიტიკის გაცნობა • უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით „ყველა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობა იქნება მაქსიმალური შედეგების მომტანი. რაც შეეხება ჩვენს ხედვას თუ რა ინსტრუმენტები არსებობს ამ მიზნების მისაღწევად - პირველ რიგში უნდა მოხდეს საექსპორტო პროდუქციის იდენტიფიცირება ქვეყნების მიხედვით, რათა სწორად იქნას განსაზღვრული ქართული პროდუქციის კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან მიმართებაში. ამისათვის საჭიროა სახელმწიფომ შექმნას ხელშემწყობი მექანიზმები, რათა გაიზარდოს პირველადი პროდუქციის წარმოება, განვითარდეს გადამამუშავებელი წარმოება, იყოს გამართული ინფრასტრუქტურა და მოხდეს ხელშეწყობა პროდუქციის საექსპორტოდ მომზადებისთვის, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ბაზრის სპეციფიკის მიხედვით საერთაშორისო თუ სპეციალიზებული სტანდარტის დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დარგის განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტულად მიაჩნია ურთიერთობების გაღრმავება გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციასთან (FAO), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD), მსოფლიო ბანკთან, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE), მეღვინეობის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (OIV), IPPO, Codex Allimentarius. ფინანსური რესურსები მობილიზება და ეფექტური განაწილება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასახული ამოცანების მიღწევის კუთხით. სამინისტრო აქტიურად მუშაობს USAID, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის ოფისთან (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA), ევროკავშირის წარმომადგენლობასთან (EUD), JICA-სთან, EBRD-სთან, EIB-სთან და სხვა საერთაშორისო დონორებთან დარგის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.