მედიატური აჭარის რეგიონში

21.12.2015

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) ფარგლებში  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, აჭარის რეგიონში მედიატური გაიმართა.

ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები აჭარის რეგიონში ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. 

ორდღიანი მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ციტრუსის მოვლა-შენახვის მეთოდებს, მანდარინის გადამუშავებისა და რეალიზაციის პროცესებს. მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და  აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე უწევდნენ.

ქალაქ ქობულეთში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ჟურნალისტებმა   მარწყვისა და ტკბილი წიწაკის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები და ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლები  ჩაქვში, აგროსერვის ცენტრის  ციტრუსოვანთა საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაშიც იმყოფებოდნენ, სადაც   15 ჰა ფართობზე გაშებენულია ციტრუსოვანთა შემდეგი  სახეობები: მანდარინი (28 ჯიში), ფორთოხალი (16 ჯიში), ლიმონი (14 ჯიში), პომელო (6 ჯიში), გრეიფუტი (3 ჯიში), კინკანი (3 ჯიშის) და ნარინჯი (1 ჯიში).  სანერგე მეურნეობაში  სასუქების შემრევი მექანიზმით აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიის მორწყვის წვეთოვანი სისტემაა დამონტაჟებული. საცდელ-სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში სასწავლო პრაქტიკებს გადიან სტუდენტები, ასევე, პერიოდულად, ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები ციტრუსის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის, გამართული ექსტენციის სისტემა  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

,,აჭარის რეგიონისთვის  ციტრუსის წარმოება ერთ-ერთი ძირითადი  მიმართულებაა. ციტრუსის წარმოებას ქვეყანაში დიდი ისტორია აქვს და ვფიქრობთ, ამ დარგს მომავალშიც დიდი პერსპექტივა აქვს. ამისთვის ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრების თანამედროვე მოთხოვნები. ჩვენთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია და მზად უნდა ვიყოთ დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები. ამიტომ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, თანამედროვე მიდგომებს, ახალი, მაღალპროდუქტიული ჯიშების დანერგვას დიდი მნიშვნელობა აქვს. აჭარის აგროსერვისცენტრი,  რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) ფარგლებში შეიქმნა  სწორედ იმას ემსახურება, რომ გამოიცადოს რეგიონის კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ახალი ჯიშები.  ცენტრის მიზანია, ფერმერებს  თანამედროვე მეთოდებით  ციტრუსის მოყვანის, მოვლისა და შენახვის შესახებ ინფორმაცია  მიაწოდოს, კონსულტაცია გაუწიოს და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში დაეხმაროს“,  - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ მედიის წარმომადგენლებს რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ  მიაწოდა  ინფორმაცია. 

,,ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად და შეუფერხებად დასრულებისთვის, ოთხი ძირითადი მიმართულებით აქტიური სამუშაოები ჩავატარეთ.  პირველი -   ეს არის ციტრუსის მოვლა-მოყვანა და აგროტექნიკა. ამ მიმართულებით,  ჩვენ უკვე წლებია ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვეცნობით სხვადახვა ქვეყნის გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და ვუზიარებთ ადგილობრივ ფერმერებს, რათა მივიღოთ და ვაწარმოოთ ხარისხიანი, კონკურენტუნრიანი პროდუქცია. მეორე საკითხი -  ეს გახლავთ სტანდარტული, ხარისხიანი მანდარინის ევროპული სტანდარტების მიხედვით დახარისხება-დაკალიბრება, გადამუშავება,  რეალიზაცია და ექსპორტირება. ამ მიმართულებითაც  სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.  მესამე საკითხი, რომელიც უნდა აღინიშნოს ეს გახლავთ არასტანდარტული, საწარმოო გადამუშავებისთვის განკუთვნილი ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა. ამ ეტაპზე ექვსი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  საწარმო ყოველგვარი შეფერხების გარეშე იბარებს ციტრუსს. საწარმოებში ციტრუსის გადამუშავება არა მარტო პირველადი კონცენტრატის სახით ხდება,  არამედ მზადდება საბოლოო პროდუქტი რომელიც სარეალიზაციოდ გადის როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. მეოთხე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიმართულება  გახლავთ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარება. მასში იგულისხმება როგორც ციტრუსის შესანახი და სამაცივრე მეურნეობების შექმნა, ასევე საზღვაო, საგზაო და სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებითაც აქტიური სამუშაოები ხორციელდება. უკვე არის შედეგებიც. ყველგან, სადაც ჩვენგან საზღვაო გადაზიდვებია შესაძლებელი, ხორციელდება ციტრუსის ექსპორტი მათ შორის უკრაინაში და რუსეთში. სარკინიგზო გადაზიდვები ხორციელდება შუა აზიის ქვეყნებში. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გააქტიურდა ციტრუსის ექსპორტი. სახმელეთო გზით ციტრუსის ექპორტი ხორციელდება აზერბაიჯანის, ბელარუსის,სომხეთის მიმართულებით და ა.შ..

ყველა ამ ოთხი საკითხის მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად,  სამუშაოები წარმატებით ხორციელდება, გვაქვს დადებითი შედეგებიც, რაც იმის წინაპირობაა, რომ ციტრუსის  სეზონი წარმატებით ჩაივლის და გაიზრდება ჩვენი ფერმერების შემოსავლები“, - აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ზაურ ფუტკარაძემ.

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში   „ENPARD აჭარას“ პროექტის მენეჯერმა, ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებს გააცნო    მომსახურების ის მიმართულებები, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებას და პროდუქციის წარმოება-გასაღების ჯაჭვის ჩამოყალიბებას  უწყობს ხელს.   

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით აჭარაში ფერმერთა კოოპერატივების ხელშეწყობა ხორციელდება. სამწლიანი პროექტის - ENPARD აჭარა - მიზნებია სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდა, მცირე ფერმერთა გაძლიერება და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება.  პროგრამის ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა, ხოლო  პარტნიორები  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის აგროსერვისის ცენტრია. 

„ENPARD აჭარას“ ხელშეწყობით უკვე შეიქმნა სამოცამდე წარმატებული კოოპერატივი, გაიხსნა სადემონსტრაციო ნაკვეთები, ფერმერთათვის განხორციელდა სასწავლო და საკონსულტაციო პროგრამები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ოთარ დანელიამ მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქ. ქობულეთში ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმო შპს.TCF GEORGIA და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხნა „Giam group“ დათვალიერა.

საწარმო TCF GEORGIA ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს “აწარმოე საქართველოში” პროექტის ხელშეწყობით, რომლის სოფლის მეურნეობის მიმართულებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს. განხორციელებული ინვესტიცია სრულად შეადგენს 2,422,350 აშშ  დოლარს, აქედან  1,700,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია ჩართული არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტში და ამ პროექტის ფარგლებში ასევე სარგებლობს  შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებების კომპონენტით, რომლის ფარგლებში კომპანიას გამოეყო 3,000,000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი, ამჟამად ათვისებულია 1,500,000 ლარი. კომპანიის საქმიანობა წარმოების რამოდენიმე ხაზს მოიცავს: სტანდარტული მანდარინის გადამუშავება, არასტანდარტული მანდარინის გადამუშავება და მისგან კონცენტრატის წარმოება, პლასტმასის და მუყაოს ყუთების წარმოება და შემნახველი მეურნეობა.

ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავი და ტარის მწარმოებელი საწარმოს შპს ,,TCF GEORGIA’’ 24 საათის განმავლობაში  100 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხება და პარაფინირებაშეუძლია. მიმდინარე წლის სეზონზე, საწარმო მიიღებს და გადაამუშავებს 15000 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფს, რომელიც რუსეთის, უკრაინის და შუა აზიის ბაზარზე იქნება ექსპორტირებული. საწარმოში ციტრუსის შეფუთვა ხორციელდება პალეტებად შეკრულ 12-16 კილოგრამი ტევადობის ხის ანათალის, პლასტმასისა და გოფრირებული მუყაოს ყუთებში. საწარმო დღე-ღამეში 250 000 ათას ყუთს აწარმოებს. საწარმოს დაგეგმილი აქვს 5000 ტონა არასტანდარტულ მანდარინს მიღება. კომპანიას გააჩნია სამაცივრე მეურნეობაც, სადაც შესაძლებელია 3000 ტონა ციტრუსისა და სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეულის შენახვა.  სამაცივრე მეურნეობა 3000 ტონა პროდუქციის შენახვაზეა გათვლილი. საწარმოს პროდუქცია გააქვს ექსპორტზე რუსეთსა და უკრაინაში, ასევე იგეგმება პროდუქციის გატანა დსთ-ს სხვა ქვეყნებში. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 55 ადამიანი, ხოლო სეზონურად ხდება 350-400 ადამიანის დასაქმება.

კომპანია  „Giam group“ -ის  საქმიანობას წარმოადგენს  არასტანდარტული მანდარინის გადამუშავება და მანდარინის კონცენტრატის წარმოება. 2015 წლის სეზონზე საწარმო ყოველდღიურად იბარებს დაახლოებით 200 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს. სეზონზე დაგეგმილია 10-12 ათასი ტონა მადარინის გადამუშავება. კომპანიას პროდუქტი გააქვს ექპორტზე იაპონიაში, ისრაელში, საფრანგეთში იტალიასა და ჰოლანდიაში. კომპანიაში მუდმივად დასაქმებული 15 ადამიანი, სეზონურად საქმდება დამატებით 35 კაცი.

სადემონსტრაციო მეურნეობების, ექსტენციის ცენტრისა და ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოების დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტები ბათუმის პორტში, ბორანზე ციტრუსის ჩატვირთვის პროცესს გაეცნენ.  უკრაინის მიმართულებით, ციტრუსის საბორნე გადაზიდვები კვირის განმავლობაში 3-ჯერ ხორციელდება. 

მედიატურის ბოლოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაურ ფუტკარაძემ და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, დავით უმეკაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს ციტრუსის სეზონის მიმდინარეობის ანგარიში გააცნეს. 

ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) მედიატურის მხარდაჭერისთვის  და აღნიშნა, რომ მათი დახმარების გარეშე ვერ მოხერხდებოდა ვერც მედიატურის მოწყობა და ვერც არაერთი წარმატებული პროექტის აჭარის რეგიონში განხორციელება. მინისტრის განმარტებით, 2015 წლის ,,ნარინჯისფერი რთველი“  შეუფერხებლად მიმდინარეობს და იმედია, რომ წარმატებით დასრულდება. ოთარ დანელიამ დადებითად შეაფასა საკოორდინაციო შტაბის მუშაობაც და მადლობა გადაუხადა შტაბის წევრებს.

დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 5 ათას  ტონაზე მეტი. როგორც სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 989 ათას ლარზე მეტია, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 493 ათას ლარზე მეტია. ამ ეტაპზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებს უკვე ექვსი ქარხანა: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group დაშპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“,   ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“. 

სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი (80.1 % 16549 ტ), უკრაინა(13.02 % 2690 ტ), სომხეთი(2.78 % 574 ტ), აზერბაიჯანი (0.99 % 205 ტ), ყაზახეთი(1.97 % 407 ტ), ბელორუსია(0.78 % 161ტ), სხვა ქვეყნები (0.36 % 74 ტ).

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.

პრესკონფერენციის დასასრულს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მედიატურში მონაწილეობისთვის  და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებისთვის სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე  პროცესების და განხორციელებული პროექტების შედეგების ამ ფორმატში გაცნობა მომავალ წელსაც გაგრძელდება.