ოთარ დანელია: საქართველო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად უნდა იქცეს

28.12.2015
ოთარ დანელიას განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტს კუთხით, 2012  წელთან  შედარებით სხვაობა საკმაოდ დიდია.

"ევროკავშირის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 90%-ზე მეტით არის გაზრდილი. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი  გავლენა მოახდინა ევროკავშირთან ღრმა დაყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ, რომლის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში 169 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციაა ექსპორტირებული. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ  მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის ხელშეწყობა, რაც ახალიბაზრების, მათ შორის არატრადიციული ბაზრების მოძებას და არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებას გულისხმობს. დარგის განვითარებისთვის სტაბილური სავაჭრო პარტნიორების არსებობაძალიან მნიშვნელოვნია“, - განაცხადა დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის კუთხით. უკვე გასარწყავებულია 100 ათას ჰა-ზე მეტი  ფართობი, რაც  მნიშვნელოვანი წინსვლაა დარგისთვის.

წარმატებულად ხორციელდება სოფლის მეურნეობის კოოპერაციის ხელშეწყობა. საქართველოში უკვე შექმნილია  1200-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. კოოპერაციის ხელშეწყობის მიზნით დაწყებულია   თხილის დარგის, მეფუტკრეობის  და  ქართული ჩაისგანვითარების ხელშემწყობი პროექტები.  

ძალიან მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით ევროპის, აზიისა და  აშშ-ის ბაზრებზე, არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რათა აღნიშნული რეგიონების ქვეყნებთან    თანამშრომლობა მეტად ინტენსიური და ეფექტიანი გახდეს.  აღსანიშნავია ბოლო წლებში საქართველოში რთველის  ჩატარების ახალი მიდგომებიც, რამაც დარგის სტიმულირება და გამოცოცხლება განაპირობა.  მიუხედავად უსაფუძვლო ვნებათაღელვისა, მიმდინარე წლის რთველიც, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდული მოსავალით გამოირჩეოდა,  ორგანიზებულად ჩატარდა. 

სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა სურსათის უვნებლობა.  ამ კუთხით  როგორც სურსათის უვნებლობის, ასევე მცენარეთა დაცვის და  ვეტერინარიის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა და შედეგებია მიღწეული.  მიმდინარე წელს2014 წელთან შედარებით  სასურსათო ობიექტების და ბიზნესოპერატორების ინსპექტირების რაოდენობა  45 %-ით არის გაზრდილი.  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს  ვეტერინარიის კუთხითმიმდინარე სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობა  ჯილეხის, თურქულის, ცოფის,  ყვავილის დადერმატიტის წინაღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად დაწყებულია საქართველოში ბრუცელოზის აღმოფხვრისსპეციალური პროგრამა. ერთიან მონაცემთა ბაზაში ინტეგრირებულია სასაკალოებიც,  რომ მოხდეს  ცხოველთა სრულყოფილი მიკვლევადობა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ქვეყნის  ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა.  დაწყებულია  გადასარეკი ტრასების მოწესრიგების და საკონტროლო-სადეზინფექციო  პუნქტების მოწყობის პროექტიც.  

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანი წინსვლა და შედეგებია მიღწეული ლაბორატორიული კვლევებისა და დიაგნოსტიკის მიმართულებითაც.  მიმდინარე წელს გაიხსნა  საერთაშორისო სტანდარტის ფიტოსანიტარიული ლაბორატორია, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს  პოზიციები საერთაშორისო  ვაჭრობის თვალსაზრისით.

,,დღეისათვის, უკვე შესაძლებელია საქართველოში თაფლის ლაბორატორიული კვლევების განხორციელება. სასოფლო-სამეურნეო კოოპოერატივებისთვის წლის ბოლომდე უფასოა თაფლის გამოკვლევა  და რეკომენდაციების მიღება. ვფიქრობთ, მომავალი წლის  პირველ კვარტალში ლაბორატორია აკრედიტების პროცესს დაასრულებს და  ქართული თაფლის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში შეუფერხებლად განხორციელდება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ფუნდამენტი სოფლის მეურნეობის დარგის სწორი განვითარებისთვის.   

ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტზე -  ,,დანერგე მომავალი“ გაამახვილა ყურადღება.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაახლოებით 1000 ჰა-მდე ინტენსიური, თანამედროვე  ბაღების გაშენდება. დღეის მონაცემებით,   განაცხადები 700 ჰა-ზე მეტი ფართობის ბაღების გაშენებაზე   დაკმაყოფილებულია და   მათი საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე დაფინანსებულია.

მნიშვნელოვანი იყო მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროგრამაც, რომელმაც სოფლის მოსახლეობისთვის გააჩინა დამატებითი სტიმული დაბრუნებოდნენ მიწათმოქმედებას.  3 წლის განმავლობში, პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 300 მლნ ლარზე მეტიდაიხარჯა, რაც პროგრამის    800 ათასი ბენეფიციარისთვის კარგი მოტივაცია და ხელშეწყობაა.  

წლების წინ, აგროდაკრედიტების საერთო მოცულობა ქვეყანაში  60 მლნ ლარზე  ნაკლები იყო, დღეს კი, უკვე 1 მლრდ ლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი შედეგებია აგროდაზღვევის მიმართულებითაც.  2004 -2013 წლამდე ქვეყნის მასშტაბით,  სერთო ჯამში  2,25 მლნ ლარის რისკი იყო დაზღვეული.   აღსანიშნავია, რომ მხოლოდ  2015 წლის ბოლოსთვის 192 მლნ ლარამდე ღირებულების  რისკია დაზღვეული, რაც  აგრარული დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, დღეისათვის  გახსნილია 139 ახალი საწარმო, გაფართოებული და  გადაიარაღებულია 665. ახალი საწარმოების ფარგლებში 3500-მდე სამუშაო ადგილი  შეიქმნა,  ხოლო არსებულ გაფართოებულ  საწარმოებში ეს რიცხვი 10 ათასს აღწევს.

მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. ,,აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უკვე დამტკიცდა ევროკავშირის პროგრამა  ENPARD 2- (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა  და სოფლის განვითარებისთვის) და  შესაძლოა ინიცირებული იქნას ENPARD 3-ის დაწყებაც“, - ააღნიშნა ოთარ დანელიამ.

მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიტიური და ეფექტიანი თანამშრომლობა  დონორ და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარტნიორ ქვეყნებთან, რომელთა  დახმარების გარეშე სოფლის მეურნეობის დარგში  პროგრესის მიღწევა რთული იქნებოდა.   

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია  ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისება მოხდეს.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა სახელმძღვანელო,  რომელიც არის გზამკვლევი ფერმერების და ინვესტორებისთვის  სოფლის მეურნეობების კუთხით მუნიციპალიტეტების დონეზე  არსებული შესაძლებლობების და პოტენციალის შესახებ.  

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა,  საზოგადოებასთან, მიზნობრივ სეგმენტთან სათანადო კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება დ აღნიშნა, რომ აუცილებელია თითოეულ ადამიანთან მივიდეს ინფორმაცია თუ, რა კეთდება დარგის განვითარებისთვის, რა პროექტებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რა შედეგები დადგა. 

,,ჩვენს ფერმერებთა და გლეხებთან მეტი კომუნიკაციისთვის მოვამზადეთ და გამოვეცით სპეციალური გაზეთი ,,ჩვენი სოფელი“,  რომელიც ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას მოიცავს. გაზეთი ყოველთვიურად გამოდის და უსასყიდლოდ  ურიგდება რეგიონის მოსახლეობას“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.  

მინისტრობის კანდიდატმა, ბოლო 3 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ ნაწილში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. 2013-2015 წლებში  გაიხსნა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური ოფისები ახალციხეში, ნინოწმინდაში, გორში, ამბროლაურში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთში, თელავში და ზესტაფონში. მომავალ წელს  დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ოფისის გახსნას. როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟება.  უნდა აღინიშნოს ფაქტი, რომ  მიმდინარე წელს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით 40-ზე მეტი სეტყვის პრევენცია მოხდა. სისტემის წარმატებას მოწმობს ისიც, რომ  სისტემის შეძენის მიზნით, ,,დელტასთან“ კონტრაქტი მოლდოვის რესპუბლიკის შესაბამისმა სამსახურმა გააფორმა.   

ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალში საკმაოდ ამბიციური და მნიშვნელეოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. სამინისტროს  მთავარი პრიორიტეტები აგროსასურსათო სექტორის საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობა,  სასურსათო უსაფრთხოების მიზნით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა და დარგობრივი მიმართულებების განვითარებაა.