ქართული ყველის ფესტივალი 2017

ქართული ყველის ფესტივალი 2017
20.11.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.
წელს ფესტივალში ყველის მწარმოებელმა 50 კომპანიამ, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა მიიღეს მონაწილეობა და როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე, საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები შესთავაზეს ფესტივალის სტუმრებს. 
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი ქართული ყველის პოპულარიზაციას, საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას და მწარმოებელთა მარკეტინგულ ხელშეწყობას ემსახურება.
„მისასალმებელი საქმეა, რომ ქართული ყველის ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და რომ ფესტივალში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ფერმერი მონაწილეობს. საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. ქართულ პროდუქტებს შორის ქართულ ყველს ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გახდება ცნობადი ბრენდი და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წელს ქართული ყველის ფესტივალის ფარგლებში, ყველის ოსტატებმა დამთვალიერებელს ყველის ამოყვანის მეთოდები, ასევე, დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და ყველის სხვა სახეობების დამზადების პროცესი გააცნეს. გაიმართა საქართველოში წარმოებული ყველის მრავალი სახეობის, მათ შორის, დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, სულგუნი, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილი ყველი, ჭაჭამოდებული, თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაცია და გაყიდვა. 
ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინისა და თაფლის მწარმოებელმა კომპანიებმაც. 
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, მათ შორის, ქართული ყველის წარმოების განვითარების ხელშეწყობას, ტრადიციების აღდგენას და ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას.