ქართული ჩაი 170 წლისაა

ჩაი
28.11.2017
„საპარტნიორო ფონდის”, „საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, თბილისში, ქარვასლაში, ქართული ჩაის 170 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ქართული ჩაის განვითარების მნიშვნელობასა და საექსპორტო პოტენციალის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მეჩაიეობის დარგი დგას. ლევან დავითაშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებები ქართული ჩაის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და საქართველოში არსებული ჩაის კულტურის დიდხნიან ისტორიას უსვამს ხაზს.
„ჩაის ინდუსტრია ქართული სოფლის მეურნეობაში ერთ–ერთი გამორჩეული იყო. ის იყო ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საექსპორტო კულტურა წლების განმავლობაში. თუმცა ბოლო წლებში მთელი ინდუსტრია აღმოჩნდა დიდი სირთულის წინაშე. ამის მიუხედავად, ქართულ ჩაის აქვს დიდი პოტენციალი და გააჩნია დიდი ისტორია. დღეს ჩვენ ქართული ჩაის ინდუსტრიულად წარმოების 170 წლისთავს ავღნიშნავთ, თუმცა საქართველოში ჩაის კულტურა კიდევ უფრო ადრე მე–19 საუკუნეში გაჩნდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროგრამა „ქართული ჩაი“ რამდენიმე წლის წინ დაეწყო, რათა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მომხდარიყო. ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით ათასამდე ჰექტარის რეაბილიტაცია–აღდგენა ხდება, რაც არის დიდი სტიმული. მომავალ წლებში ეს გაგრძელდება, გაგრძელდება ასევე სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების დახმარება, გადამამუშავებელი ტექნოლოგიებით ქართული ჩაის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიცირების ხელშეწყობა, რაც გაზრდის მის ექსპორტის მაჩვენებლსაც,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი მწარმოებლები და მოწვეული სტუმრები ჩინეთიდან, რომელთა შორის იყვნენ ჩინეთის ჩაის მწარმოებელთა მსხვილი კომპანიები, ასევე, ჩინეთის ელჩი საქართველოში ძი იანჩი, საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი, პეკინის სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჩენ კუოჭანი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმართველობის, ჩაის ინდუსტრიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა.
ქართული ჩაის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში მოხდა კომპანიების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია. საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ სპეციალისტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩაის კულტურის განვითარებაში.