სტრატეგია

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის საკითხი.  

სტრატეგიის დოკუმენტი წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილს, ძირითადი საშუალოვადიანი სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული ღონისძიებების ერთობლიობას, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვის განსახორციელებლად განსაზღვრულია 7 სტრატეგიული მიმართულება და შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა მიხედვით შემუშავდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების, განხორციელების ვადების და დაფინანსების წყაროების გათვალისწინებით. 

სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:

  • აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება
  • ინსტიტუციური განვითარება
  • მელიორაცია და ნიადაგის ნაყოფიერება
  • რეგიონული და დარგობრივი განვითარება - დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობა
  • სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა
  • კლიმატის ცვლილებები, გარემო და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება

სტრატეგიის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ღონისძიებებს, ინსტიტუციური მოწყობის სრულყოფას, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ეფექტიან ფუნქციონირებას, ფერმერთა გადამზადებას საბაზრო  ურთიერთობების მოთხოვნების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინტეგრირებულ განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სტატისტიკური აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას, საბაზრო საინფორმაციო სისტემის შექმნას, სასურსათო უსაფრთხოების ანალიზისა და მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას, შესაბამისი მოქნილი საკანომდებლო ინიციატივების შემუშავებას და განხორციელებას.

სტრატეგია ითვალისწინებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას (დაახლოების შეთანხმებული ვადების შესაბამისად), რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებთან მაქსიმალურ მიახლოებას და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულად აფასებს, საქართველოს ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებთა, დონორი ორგანიზაციების, გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციის (FAO), ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისათვის (ENPARD) ძალისხმევას, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში.